დღეს არსებული არაერთი პრობლემის ფონზე მკითხველს შესაძლოა უმნიშვნელოდ მოეჩვენოს აკვნის პოეზიაზე საუბარი და გასაკვირიც არ იქნება, რადგან დღეს იავნანასაც და აკვანსაც თავისი დანიშნულება დაკარგული აქვს. მიუხედავად ამისა, ალბათ ბევრს დარჩენია ტკბილ მოგონებად ყრმობის წლებში მოსმენილი საამო ლექს-სიმღერები. ადრე წარმოუდგენელი იყო ვინმე „იავნანის“ გარეშე გაზრდილიყო. ვაჟა-ფშაველას თქმით: „როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე _ საზრდოდ და ნანა _ მოსასვენებლად... ყველა ეს ხდება ოჯახში დედის ხელმძღვანელობით და სწორედ ეს არის დასაბამი პატრიოტიზმისა“ ( თ. ნოზაძე,2011).
+-+Lullaby+(1875).jpg.jpg)
ეს შესავალი იმიტომ გავაკეთეთ, რათა გვეჩვენებინა რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია იავნანა როგორც პოეტური ფოლკლორის ერთ – ერთი სახე. ყოველი ერის ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბავშვო ლექსებს, ე.წ. Nursery rhymes. საბავშვო ლექსები, ისევე როგორც ფოლკლორის სხვა სახეები, საუკუნეების განმავლობაში ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მოგვიანებით მოხდა მათი შეგროვება და კლასიფიცირება. კლასიკური საბავშვო ლექსები პირდაპირ კავშირშია ბავშვებთან, თუმცა ისინი მოზრდილთა ცხოვრების ნაწილიცაა.
იავნანა, იგივე სააკვნე სიმღერა ბავშვის დასაძინებლად შექმნილი საბავშვო ლექს – სიმღერაა. იგი საბავშვო ლიტერატურის განუყოფელი ნაწილია. ზოგი იავნანა უსიტყვოა, ზოგი უბრალოდ ღიღინს წარმოადგენს; იავნანათა უმეტესობა კი ვერბალურადაა გაფორმებული. „იავნანას“ახასიათებს მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი მელოდია, რომელსაც ასრულებს ერთი ან მონაცვლეობით ორი მთქმელი (ქალი) გაბმული (ბურდონული) ბანის ფონზე. სიმღერა ერთმუხლოვანია და მდორედ ვითარდება. იგი უმთავრესად ქართლ-კახურ მუსიკალურ ფოლკლორში გვხვდება. „იავნანას“ ჰანგმა, სიმღერის კილომ კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაზე. „იავნანას“ მოტივებზე შექმნეს ლექსები რ. ერისთავმა, ა. წერეთელმა, ი. ჭავჭავაძემ, გ. ტაბიძემ და სხვ.
რაკი იავნანათა წარმომავლობის შესახებ ცოტამ თუ იცის, ვფიქრობთ ურიგო არ იქნება თუკი შევისწავლით იავნანათა წარმოშობის ისტორიას როგორც ქართულ, ისე ბრიტანულ კულტურაში .
საქართველოში "იავნანა", ხალხური საწესო ლექსთ-სიმღერად მოიაზრება. იგი წარმოშობით წარმართული საკულტო რიტუალის უძველესი საგალობელია და მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას სახელთან არის დაკავშირებული. დროთა განმავლობაში "იავნანამ" დაკარგა პირვანდელი საწესო ხასიათი და დღეს მისი დანიშნულება–მხოლოდ ბავშვის დაძინებაა, თუმცა ჩვენამდე მოაღწია ზოგმა ისეთმა ტექსტმაც, რომელსაც ბავშვებს ინფექციური დაავადებებისაგან (ე. წ. ბატონებისაგან) განსაკურნავად უმღეროდნენ. რადგან ძველად საქართველოში ყრმებს აკვანში ზრდიდნენ, იავნანებს ,,აკვნის სიმღერის’’ სახელითაც მოიხსენიებენ. ,,ნანინა’’ დედათა სიმღერაა. მას აქვს პოეტური ტექსტი, მელოდია და შესრულების საკუთარი მანერა. (თ. ნოზაძე, 2011).
საქართველოში იავნანებს განასხვავებენ წარმოშობის მიხედვით. „ნანა“ საწყისშივე საკუთრივ აკვნის პოეზიას წარმოადგენდა, ხოლო „იავნანას“ პირველადი ფუნქცია ბატონებისგან განკურნება იყო. მოგვიანებით, ორივე ციკლის ლექსები, ერთმანეთს დაუახლოვდა და დღეს უკვე აღარ განირჩევა. ერთში დედის გრძნობები, სურვილ-მისწრაფებებია გამოხატული, მეორეში კი უშუალოდ ბავშვის ბუნება და თავისებურებები. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ის ლექს-სიმღერები, რომლებიც ტკბილხმოვანი მელოდიის ფონზე, დედის განწყობას გადმოგვცემენ. „იავნანას“ საქართველოში აღმზრდელობითი ფუნქცია და საგმირო-საისტორიო შინაარსიც მიანიჭეს. ქართულ სააკვნო პოეზიაში ბრძოლის ველი, თავგანწირვა და მამულის სიყვარულის თემები ხშირად შეინიშნება. ის წარმოადგენს ქართველი ხალხის მრავალსაუკონავან ისტორიას, სულიერ კულტურას, ამაღლებულ იდეალებს.(თ. ნოზაძე, 2011).
თ. შავლაძის სტატიაში „ბრიტანული და ქართული ფოლკლორული იავნანების ლინგვოკულტურული თავისებურებანი” ლაპარაკია ტერმინ "lullaby”– ის წარმომავლობის ისტორიაზე ბრიტანულ კულტურაში. „თუკი სიტყვა ,,იავნანა’ საქართველოში წარმართული ღვთაების სახელს, მზის და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას სახელს უკავშირდება, ინგლისურში სიტყვას “lullaby” სულ სხვაგვარი წარმოშობის ისტორია აქვს. არსებობს რამოდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ტერმინი უკავშირდება ძვ. ებრაულ ფრაზას ,, Lilith begone”. ესპანელი Moses de Leon (1240-1305) წიგნში ,, The Book of Splendour” წერს: “ At the same time Jehovah created Adam, he created a woman, Lilith, who like Adam was taken from the earth. She was given to Adam as his wife. But there was a dispute between them”. მეთერთმეტე საუკუნის ანონიმი ავტორის წიგნში ,,Alpha Betha of Ben Sira” უფრო დეტალურადაა აღწერილი კონფლიქტის მიზეზი: ,,The conflict arose because Adam, as a way of asserting his authority over Lilith, insisted that she lie beneath him during sexual intercourse. Lilith, however, considering herself to be Adam’s equal, refused, and after pronouncing the ineffable Name ( i.e the magic name of God”) flew off into the air”. ლეგენდის თანახმად, ღმერთმა ლილითს უკან ანგელოზები დაადევნა და შეუთვალა დაბრუნებულიყო, თორემ ყოველდღიურად 100 შვილს მოუკლავდა. მიუხედავად მუქარისა, იგი უკან აღარ დაბრუნებულა. ლილითს ანგელოზებისთვის განუცხადებია, რომ მისი მიზანი იყო ზიანი მიეყენებია ახალშობილთათვის. ებრაელთა წარმოდგენით ლილითი ბოროტი სულია რომელიც ბავშვებს ღამით იტაცებს, კლავს, მშობიარე ქალებს პრობლემებს უქმნის და ახალგაზრდა მამაკაცებს აცდუნებს (Ch. Witcombe “Eve and the Identity of women”). ცრუმორწმუნე ებრაელები ლილითისაგან თავის დასაცავად ბავშვის ოთახის ოთხივე კედელზე ამულეტებს ჰკიდებდნენ წარწერით: “Lilith-abi” (,,Lilith begone”) . მიიჩნევა, რომ მშვენიერი, ნაზი იავნანაც, რომელშიაც დედები ანგელოზებს მოუხმობენ შვილთა დასაცავად, ბავშვებს ლილითისაგან იცავს მთელი ღამის მანძილზე“ ( თ. შავლაძე, 2012: 49).
უფრო ქვევით სტატიის ავტორი იმავე ტერმინის წარმოშობის მეორე ვერსიაზეც საუბრობს. მეორე ვერსია შემდეგია: ”The English term lullaby is thought to come from “ Lu,lu” or “ la la” sound made by mothers or nurses to calm children and “ byby” or “ byebye”, either another lulling sound, or a term for good night”(ინგლისური ტერმინი “lullaby” უნდა მომდინარეობდეს ბგერათა კომბინაციიდან “Lu,lu”ან“ la la”რომელსაც დედები და ძიძები მიმართავენ ბავშვების დასამშვიდებლად. იგივე ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს ბგერათ კომბინაცია“ byby”. თუმცა შესაძლებელია ბგერათ კომბინაციაში “ byebye” ღამე მშვიდობისა იგულისხმებოდეს). (თ. შავლაძე , 2012: 49 ).
როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს ტერმინი „იავნანა“ ამა თუ იმ ენასა და კულტურაში, ერთი რამ ცხადზე ცხადია, იავნანათა ტექსტში უპირატესად გამოხატულია ყრმის სიყვარულით აღსავსე დედის ემოცია: ფიქრი, ოცნება და იმედი. დედა შვილს ღიღინით ესაუბრება. მისი ხმამაღალი ფიქრები ხშირად მწყობრიც არ არის, რადგან შვილთან დიალოგი იმპროვიზირებულია. ტრადიციულ ფრაზას შეიძლება ახალი მიებას, რომელიც იმ მომენტში გააჩინა ფიქრმა და ემოციამ.
,,ნანინას’’ აუცილებელ შინაარსობრივ ნაწილებში იგულისხმება დედის თხოვნა–დაიძინოს ყრმამ, ბავშვის ქება, ან დალოცვა მომავლის პერსპექტივის დასახვით, დედის ,,თავსშემოვლებისათვის’’ მზადყოფნა და ისევ დაძინების თხოვნა. (თ. ნოზაძე, 2011).
„აკვნის სიმღერებს“ მრავალმხრივი პრაქტიკული დანიშნულება აქვთ: ,,ნანინას’’ ძირითადი დანიშნულება ბავშვის დამშვიდებაა. დედის სიმღერამ, აუღელვებელმა მელოდიამ, რწევამ რული უნდა მოჰგვაროს ბავშვს, რაც მერე ძილში გადადის. ,,ნანინას,’’ სიტყვიერი ტექსტი, ბუნებრივია, სულ პატარა ბავშვისთვის გაუგებარია. შესაბამისად, სათქმელს ამ ეტაპზე მხოლოდ დედისთვის აქვს მნიშვნელობა. სასიამოვნო მელოდიის მოსმენა ხელს უწყობს ბავშვის სმენის განვითარებას, კეთილმყოფელ გავლენას ახდენს მის გუნება-განწყობაზე. შვილისთვის სიმღერა კი აკმაყოფილებს ქალის დედობრივ ინსტინქტს, აბედნიერებს მას შვილთან გამაერთიანებელი კონტაქტით.
,,ნანინამ’’ საუკუნეთა მანძილზე ცვლილებები განიცადა: დაკარგა ძველი აზროვნების ნიშნები, გარდაიქმნა ახალი მოტივებით, მაგრამ უცვლელი დარჩა მისი დანიშნულება. იგი სჭირდებათ დედასაც და შვილსაც.
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თანამედროვე ქალი დღეს იმდენად დინამიურად ზრუნავს თავის თავზეც, ოჯახზეც და კარიერაზეც, რომ მისთვის აუცილებლობას აღარ წარმოადგენს აკვნითა და „იავნანით“ შვილების გაზრდა. თუმცა, რაც უნდა წინ წაიწიოს ცხოვრებამ, როგორც უნდა განვითარდეს ტექნიკა და გათანამედროვდეს აღზრდის წესები, დედის მოვალეობები უცვლელი რჩება, იგი წმიდათა წმიდაა და გულგრილობითა და უსახური მოდერნიზებით არ უნდა გავაუფასუროთ.
"იავნანას" უნიკალური მონოტონური რიტმიკა საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა სამეტყველო აპარატის ნაკლოვანებების (ენაბლუობა, ტიკები, დარღვეული კოორდინაცია) აღმოფხვრისათვის. პატარისთვის მნიშვნელობა არა აქვს, დედას როგორი მუსიკალური სმენა და ხმა აქვს, ის მხოლოდ დედის ხმის ტემბრს, ლირიკულ და ალერსიან შესრულებას, მოღიმარ სახეს აქცევს ყურადღებას.
სიმღერის მეშვეობით პატარა მეტყველების განვითარების პირველ გაკვეთილებს იღებს, რაც მის ტიტინში აისახება. ე.ი. ვითარდება მისი ხორხი, მეტყველების მთავარი ინსტრუმენტი. "იავნანა" პატარას უვითარებს გონებრივ უნარებს. იმის მიხედვით, თუ როგორ ან რაზე უმღეროდა დედა, ყალიბდება პატარა ადამიანის ხასიათი, მისი ენერგეტიკული ჯანმრთელობა, ფსიქიკა.
პატარები სიმღერის გარეშე უფრო ეგოისტები, ბრაზიანები, აგრესიულები, ნერვიულები, ზედმეტად აქტიურები, სხვადასხვა ფსიქიკური გამოვლინებისადმი მიდრეკილნი არიან.
სპეციალისტებს საშიშ ტენდენციად მიაჩნიათ, როდესაც პატარები მუდმივად ხმაურში (ტელევიზორის, კომპიუტერის, ხმამაღალი ლაპარაკის, როკმუსიკის და ა.შ.) იმყოფებიან. ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ პატარა ხმაურიანი მუსიკის დროს უკეთ იძინებს, რაც არასწორია, რადგან ასეთი მუსიკა მას ღლის, აბრუებს. ხმაურიანი მუსიკა ამუხრუჭებს ტვინის ქერქის და ქერქის ქვეშ არსებული ცენტრების მოქმედებას, რაც გათანაბრებულია სიმთვრალესთან.
"იავნანას" ტელევიზიით შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების დეფიციტის სინდრომი, რაც გამოიხატება მის უყურადღებობაში, უჭირთ სწავლა, გარშემომყოფებთან ურთიერთობა.
ასე რომ, დედებო, უმღერეთ პატარას "იავნანა" 3 წლამდე მაინც, თუმცა საჭიროა მოზრდილობაშიც, რადგან ის დაეხმარება მას გამართული წინადადებების აგებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, სიტყვების სწორად წარმოთქმაში, მუსიკის სიყვარულში, გაიზრდება გაწონასწორებულ, გულისხმიერ, კეთილ და მოსიყვარულე ადამიანად.
- თ. ნოზაძე ,, აკვნის პოეზია“, გამომცემლობა ,, ამბიონი“, თბილისი, 2011.
- თ. შავლაძე ,, Bbritanuli da qarTuli folkloruli iavnanebis lingvokulturuli Taviseburebani‘’, ჟურნალი ,,კულტურათაშორისი კომუნიკაციები“, თბილისი, 2012.
No comments:
Post a Comment